საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეიქმნა ქართველი ებრაელების მატიანე -„საქართველოს ებრაელთა პროზის ანთოლოგია“

 

ამა წლის 3 ივლისს, ქ. ხოლონში, რაბი აბრამ ხვოლესის სახელობის ქართველ ებრაელთა სინაგოგაში გაიმართა ქართველთა და ებრაელთა ისტორიული მნიშვნელობის წიგნის -„საქართველოს ებრაელთა პროზის ანთოლოგიის“ წარდგენა. ანთოლოგიის სულის ჩამდგმელი, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი გახლავთ მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი შალვა წიწუაშვილი, სარედაქციო კოლეგიას კი წარმოადგენენ ქართული ლიტერატურის ისეთი თვალსაჩინო ქომაგები, როგორებიცაა: გერშონ ბენორენი-წიწუაშვილი, ნანა შაბათაშვილი და ნუგზარ ჯანაშვილი.

ანთოლოგია თავისი ქრონოლოგიური თუ შინაარსობრივი ფორმით, ჭეშმარიტად შეიძლება ჩაითვალოს  საგანძურად, რომელსაც ჟამთა სვლა ვერას დააკლებს და ორივე ერის მომავალ თაობას მარადიულ, სამემკვიდრეო ძეგლად დარჩება, საკუთარი ღრმა და ძლიერი ფესვების შესახსენებლად.

პრეზენტაციაზე შეიკრიბა ისრაელში სხვადასხვა დროს ამოსულ ქართველ ებრაელთა სამეცნიერო ელიტა, რომელმაც ებრაელთა წმინდა სალოცავში, ახლად დასტამბულ პროზაულ ანთოლოგიასთან ერთად, სულ ორი წლის წინ გამოცემული „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიაც“ განიხილა და სამომავლოდ დაგეგმილ ქართველ ებრაელ მხატვართა სრული ალბომის გამოცემას გზა დაულოცა.

ისრაელში საქართველოს საელჩოს მრჩეველს მანანა დუმბაძეს წილად ხვდა პატივი, შეკრებილი საზოგადოებისთვის, ამ ორი ისტორიული კრებულის დაბადება ებრაელების სალოცავის კედლებში მიელოცა. პრეზენტაციაზე, საქართველოს ელჩის სახელით, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. დამსწრეთ, ასევე სიტყვით მიმართა დავით ბააზოვის სახელობის ეთნოგრაფიული და ქართულ-ებრაული ურთიერთობების მუზეუმის  დირექტორმა, პროფესორ გივი ღამბაშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამა წლის სექტემბერის ბოლოს, პროზაული ანთოლოგიის პრეზენტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.