საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ისრაელელის ნაამბობი ქართული ამბავი

 

ამა წლის 4 ივლისს, ისრაელელმა მწერალმა და გამომცემელმა იტაი ბახურმა მის მეუღლესთან, მწერალ და ფოტოხელოვან ხედვა როკახთან ერთად, ქ. რეხოვოტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  წაიკითხა ლექცია  საქართველოზე, თბილისზე, ქართულ მწერლობასა და საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის საიდუმლოებებზე. ბიბლიოთეკა მთლიანად შეავსო საკითხით დაინტერესებულმა აუდიტორიამ. ლექცია მეტად დინამიური, ტექნიკურად გამართული და, რაც მთავარია, ძალზე ინტერაქტიული გახლდათ. მომხსენებლებს მომზადებული, თითქმის საათნახევრიანი ტექსტის გარდა, უამრავ სხვა საკითხზეც მოუწიათ საუბარი საქართველოს ძველი თუ უახლესი ისტორიიდან, ასევე, ქვეყანაში დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარებიდან. „აუდიტორია აღფრთოვანებული დარჩა“ - წერს ხედვა როკახი თავის ინტერნეტ „ბლოგზე“ და დიდ მადლობას უხდის რეხოვოტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერისთვის. ბატონმა იტაიმ ლექციაზე ერთი ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: მისი გამომცემლობის შეკვეთით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ივრითის სპეციალისტი ბატონი მამუკა ბუცხრიკიძე, ამჟამად,  ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ივრითულ თარგმანზე მუშაობს და პოემა მალე ისრაელში დაისტამბება. ჩენი მხრიდან გვინდა დავამატოთ, რომ ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩოც და სიხარულით მოველით დიდი ვაჟას გენიალური პოემის პირველი ივრითული თარგმანის დაბადებას.