საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ისრაელის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ლევან იზორიას განცხადებით, ისტორიული დოკუმენტია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს თავდაცვის უწყებას რეზერვის სისტემის განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს. 

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.