საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკვირაო სკოლის ბავშვებმა ლოდში ოქროს ქართული შემოდგომა მოიყვანეს

ამა წლის 24 ნოემბერს, ისრაელის ქ. ლოდის „ქართულ სახლში“ ქართული საკვირაო სკოლის „მამულის“ დამაარსებლებმა, პედაგოგებმა და მათმა აღსაზრდელებმა ნამდვილი ქართული, ოქროს შემოდგომის ზეიმი გამართეს. სტუმრებიც ბლომად ეწვივნენ, მათი შრომის ნაყოფით ერთად გასახარად. „მამულის“ მოსწავლეებს ტანთ მათთვის სპეციალურად შეკერილი თეთრი მაისურები ეცვათ, მკერდზე წარწერით - „მამული“, საკუთარი პატარა ხელებით ამოვლებულ ჩურჩხელებს სკოლის ბაღში გაბმულ თოკებზე ჰკიდებდნენ და სტუმრებს სთავაზობდნენ. სხვა სტუმრებთან ერთად, საკვირაო სკოლას ამ დღეს სპეციალური მისიით სტუმრობდა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოპულარული პროექტის „ცოცხალი წიგნები“ დელეგაცია მათთვის საგანგებოდ შედგენილი ლიტერატურული პროგრამითა და უამრავი სასაჩუქრე წიგნით. შემოდგომის ზეიმი ძალიან მოკლე მისასალმებელი სიტივით გახსნა ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ ხელმძღვანელმა ბატონმა ირაკლი კილაძემ და მოედანი მაშინათვე სკოლის აღსაზრდელებს დაუთმო. ყველაზე პატარა 3 წლის ალექსანდრემ, რომელსაც თვალით არ უნახავს საქართველო, სულისშემძვრელი ჟინით ჩაარაკრაკა „მე პატარა ქართველი ვარ...“ და რომ ვერ იჯერა, „კონცერტის“ განმავლობაში მიკროფონი კიდევ ორჯერ მოითხოვა. „ქართულ სახლში“ ლექსებს სამშობლოზე, დედაზე, გაზაფხულზე, ბედნიერ მომავალზე და ა.შ. ისრაელში მცხოვრებ ქართველ ბავშვებთან ერთად, ახლად ენა-გატეხილ ქართულზე მოლაპარაკე, ქართველ ებრაელთა თემში გაზრდილი ისრაელელი ბავშვებიც თავგამოდებით კითხულობდნენ. საქართველოს ელჩმა ისრაელში ბატონმა პაატა კალანდაძემაც ძალიან მოკლე სიტყვით მიმართა „ქართული სახლის“ ეზოში შეკრებილ საზოგადოებას და სკოლას საჩუქრად ქართულ და ებრაულ ენაზე გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ საბავშვო გამოცემა გადასცა.  მოკლე და ღონისძიების შესაბამისი მხიარული მისალმებები გააკეთეს, ასევე, „ცოცხალი წიგნების“ წარმომადგენლებმა, ქეთევან დუმბაძემ, ლევან ბრეგაძემ, გიორგი კაკაბაძემ და „მამულის“ მოწაფეებივით დამსწრეთ ქართული პოპულარული საბავშვო ლექსები წაიკითხეს. საშემოდგომო მოსავლის ზეიმს მიესალმნენ „ისრაელში ქართული ხელოვნების  ცენტრის“ ხელმძღვანელი მარინა გელაშვილი, ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტი პაატა იოსებაშვილი და საქართველოს ღირსების ორდენოსანი, პედაგოგი ლია კრიხელი. ბოლოს, ირაკლი კილაძემ სიურპრიზად, „ქართული სახლის“ კედელზე,  საკვირაო სკოლა „მამულის“ ცხოვრების ამსახველი ლამაზი ვიდეო-კლიპი - „ჩემი საქართველო აქ არის“ გაუშვა.  24 ნოემბრის შემოდგომის დღესასწაული ლოდის ქართულ სახლში მაშინაც არ დასრულდა, როცა ლექსების კითხვა და სიმღერა დამთავრდა, მორჩა მისალმებები, ფოტო სესია და ერთმანეთის დალოცვა... ზეიმის აურა მთლიანად „ქართული სახლის“ ეზო-კარს და საკლასო ოთახებს მოედო, რათა მომავალ შაბათს და მას შემდეგაც, ქართულის სასწავლებლად იქ მისულ ბავშვებს და მათ მასწავლებლებს სიხარულისა და მონდომების სტიმული არასოდეს განელებოდა.