საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ემიგრანტული ფესტივალი ისრაელში

ამა წლის 24 ოქტომბერს, ქ. ბათიამის აუდიტორიუმში, ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრმა „ემიგრანტული ფესტივალი“ - „ქართული ოჯახები ისრაელში“ (პროექტის ავტორი - მარინა გელაშვილი) გამართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და ქართველ ებრაელთა თემის თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელმა. ხელოვნების ცენტრის მოყვარულმა შემსრულებლებმა ბათიამის აუდიტორიუმის სცენაზე შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, კლასიკური თანამედროვე საესტრადო და ჯაზური მუსიკა, წაიკითხეს გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებები. პროექტის მონაწილეებს და მის მხარდამჭერებს პირველი ემიგრანტული ფესტივალი მიულოცეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა, იცხაკ დავითმა და შალვა წიწუაშვილმა, მწერლებმა იზოლდა კრიხელმა და გია მოშიაშვილმა ხელოვნების ცენტრს და კონცერტის მონაწილეებს საავტორო წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ საპატიო სიგელი ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტს, რობერტ ადარს (აჯიაშვილი) გადაეცა.