საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მომღერლები ისრაელის ოპერის სცენას იპყრობენ

ამა წლის 9-23 მარტის პერიოდში,  ქ. თელ-ავივის ოპერის თეატრი მასპინძლობს ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსის“ განახლებული წარმოდგენას, რომელშიც მთავარ პარტიებს საერთაშორისო აღიარების  ორი ქართველი მომღერალი, ქეთევან ქემოკლიძე და გიორგი ანდღულაძე ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ როგორც ქალბატონი ქეთევანი, ისე ბატონი გიორგი პირველად დგანან ქ. თელ-ავივის ოპერის სცენაზე და მიუხედავად ამისა, მათ ისრაელის მსმენელისა და ისრაელური მედიის დიდი მოწონება უკვე დაიმსახურეს. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ წარმოდგენას დირიჟორობს  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული მხატვრული ხელმძღვანელი, მსოფლიოში ცნობილი მაესტრო დანიელ ორენი. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა თეატრის ხელმძღვანელებისგან  შევიტყეთ, რომ მათ, მას შემდეგ, რაც მოისმინეს ქეთევან ქემოკლიძის მიერ შესრულებული „ებოლის“ პარტია, სამი სპექტაკლის ნაცვლად (კონტრაქტით გათვალისწინებული), ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, შვიდი სპექტაკლის შესრულება შესთავაზეს. „დონ კარლოსზე“ დამსწრე საელჩოს წარმომადგენლები თვითმხილველები და მონაწილენი გავხდით იმ ოვაციებისა და აღფრთოვანების, რომელიც ჩვენი თანამემამულეების მიმართ აუდიტორიამ გამოხატა. დავესწარით ასევე, არტისტების შეხვედრას ისრაელელ პროფესიონალებთან, მუსიკის კრიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან, რომელიც 18 მარტს, სპექტაკლის შემდეგ გაიმართა. ჩვენდა საამაყოდ აღვნიშნავთ, რომ დასმულ კითხვათა უმრავლესობა „ებოლის“ შემსრულებლის (ქ. ქემოკლიძე) მისამართით გაისმა. დამსწრე საზოგადოებიდან ერთ-ერთმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამ ბოლო დროს საქართველოს საოპერო შემსრულებლებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოპულარობა მოიხვეჭეს და მრავალი ქვეყნის სცენებზე უმთავრეს პარტიებს ასრულებენ. „რამ გამოიწვია ეს? რის შედეგად?“ - გაისმა კითხვა. „სკოლა, საქართველოს კლასიკური საოპერო სკოლა,“ - იყო პასუხი. „პირადად მე, გენიალური ქართველი მომღერლის და პედაგოგის, ბატონი ნოდარ ანდღულაძის კლასს წარმოვადგენ,“ - მოკლედ განაცხადა ქეთევან ქემოკლიძემ. საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ გულითადად მიულოცა ჩვენ სასიქადულო ხელოვანებს დამსახურებული წარმატება, მადლობა გადაუხადა მაესტრო დანიელ ორენს საქართველოში მოღვაწეობისა და თანადგომისთვის. ორივემ,  ისრაელი-საქართველოს მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის დიდი იმედი გამოთქვა.