ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, აშშ-ს ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი როგორიცაა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

განთავსების თარიღი: 01.08.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს. სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა

განთავსების თარიღი: 01.08.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

საღამო მშვიდობისა,ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს. ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად. მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე. ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა...ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა, რომ ის რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან. 

განთავსების თარიღი: 01.08.2017
 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა.შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დასაწყისში მაიკ პენსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ გადასცა მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის. "ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვითარდება. საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ," - განაცხადა მაიკ პენსმა შეხვედრაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს როლს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. აღინიშნა საერთაშორისო სწავლების - "ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს ქვეყანას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და დაბალი გადასახადები, რაც ამერიკული ბიზნესისთვის საინტერესოა. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გააღრმავონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა.

განთავსების თარიღი: 01.08.2017
 

„პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე პრეზიდენტის ტურნე ევროპაში, საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება , როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ვიცე პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, მიხეილ ჯანელძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით, წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის  მნიშვნელობას, რომელშიც რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოს მიერ მსოფლიოს სტაბილურობაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის აღიარებაა.

„წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პარტნიორებთან და ნატო-სთან მეტი თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ. ვიცე პრეზიდენტის მონაწილეობა კი, ამ კურსის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

განთავსების თარიღი: 01.08.2017
 

ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე - იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქ თეოფილოს III-თან გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის არაერთი მიმართულება.

განთავსების თარიღი: 27.07.2017
 

 ა.წ. 26 ივლისს, საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა პაატა კალანდაძემ, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩის, ბ-ნი შაბთაი ცურის თანხლებით, ქ. იერუსალიმში მოინახულა საქართველოში, კერძოდ კი, თრუსოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის ისრაელელი ტურისტის იონათან არიე ადლერის მშობლები. ბატონმა პაატა კალანდაძემ, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით, დაღუპული ახალგაზრდას ოჯახს  თანადგომა გამოუცხადა. იონათან არიეს მშობლებმა საქართველოს ელჩს სთხოვეს, რომ მას პირადად გადაეცა მადლობა საქართველოს ხელისუფლებისათვის იმ გულისხმიერებისა და ყურადღების გამო, რაც ქართულმა მხარემ გამოხატა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

განთავსების თარიღი: 26.07.2017
 

ა.წ. 26 ივლისს, საქართველოს ელჩმა ბატონ პაატა კალანდაძემ მისცა ინტერვიუ რადიოსადგურ "კოლ ისრაელს’’. ამ ინტერვიუში საქართველოს ელჩმა გააშუქა, ა.წ. 24-25 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ. გიორგი კვირიკაშვილის ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის შედეგები.  

განთავსების თარიღი: 26.07.2017
 

მხარეებმა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. გიორგი კვირიკაშვილმა და იული ედელშტეინმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული პარტნიორობა და მეგობრობის ჯგუფების აქტიური საქმიანობა.შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა ქნესეთის თავმჯდომარეს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი, ისევე როგორც ბოლო პერიოდის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, დამატებით იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გაღრმავებას.დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში, შეხვედრა გამართა ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ისრაელის აქტიურ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობებს. გიორგი კვირიკაშვილმა ქნესეთში, სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, ასევე - საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.ვიდეო: https://youtu.be/TYFQ0RMmEpI

განთავსების თარიღი: 25.07.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ორი ერის მეგობრობის ისტორია 2 600 წელს ითვლის."ქართველებს შორის აშკარაა უაღრესად პოზიტიური განწყობა, სენტიმენტები ებრაელთა მიმართ. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 150 000 ტურისტს ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია ბევრ სფეროში. ჩვენთვის დაუვიწყარია თქვენი ვიზიტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, რომლის დროსაც ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობა. შემოდგომაზე კი ჩვენ ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რათა განვიხილოთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება თუ უსაფრთხოება. ჩვენ ვდგავართ მსგავსი გამოწვევების წინაშე და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენი გამოცდილებიდან. საქართველო არის ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორი ამ გამოწვევებით სავსე სამეზობლოში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

განთავსების თარიღი: 25.07.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ