საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

25 მაისს ქ. იერუსალიმში აქცია–კონცერტი გაიმართა

ა.წ. 25 მაისს ქ. იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოში ქართული დიასპორის ინიციატივით ორგანიზებულ იქნა აქცია–კონცერტი “To Georgia with Love“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლის იუბილესა და საქართველო–ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას მიეძღვნა.

კონცერტი იერუსალიმის ძველ ქალაქთან, ე.წ. “სულთანის აბანოების“ ტერიტორიაზე განთავსებულ ამფითეატრში მოეწყო, რომელიც მსგავსი ღონისძიებებისთვის ყველაზე პრესტიჟლ ადგილად ითვლება. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან საგანგებოდ მოწვეულმა სტუმრებმა (ბუბა კიკაბიძე, ანსამბლი “ლაშარი“, ლელა წურწუმია, ნეკა სებისკევრაძე, ნინო ჩხეიძე, მერაბ სეფაშვილი, ნინა წკრიალაშვილი), ასევე ისრაელის შოუბიზნესის წარმომადგენლებმა.

აქცია–კონცერტს 6 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. აშშ–ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახელით ქართველ ხალხს მილოცვა გადასცა მისმა მრჩეველმა ალექს სელსკიმ. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის საგანგებო მიმართვის და საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის მისალოცი წერილები. ებრაელ ხალხს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. სიტყვით გამოვიდნენ კონცერტზე საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორი ჯემალ აჯიაშვილი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი და რაბინები – იაკობ გაგულაშვილი, მოშე მიხელაშვილი, არიელ ლევინი.

აქცია–კონცერტი “To Georgia with Love“ თავისი მასშტაბისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიხედვით, შეიძლება უპრეცედენტოდ  ჩაითვალოს.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ