ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მშვიდობით არა - ნახვამდის - “ცოცხალი წიგნების“ ვოიაჟი ისრაელში

გუშინ, 7 ნოემბერს, ისრაელში ახალი შემოქმედებითი მიღწევებისა და მომავალი წარმატებული თანამშრომლობის სურვილებით დავემშვიდობეთ  ისრაელელი მწერლებისა და ისრაელში ქართული დიასპორის მოწვევით ჩამოსულ თანამედროვე ქართველ მწერალთა ერთ ჯგუფს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ამა წლის 1–7 ნოემბერს, ქართული ლიტერატურის პროპაგანდის პროგრამით  შეხვედრებს მართავდა ისრაელელ კოლეგებთან და გამომცემლებთან. შეგახსენებთ, რომ „ცოცხალი წიგნების“ პროექტი, საქართველოს რეგიონებსა და მის გარეთ, უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი 150-მდე მონაწილისგან შემდგარი მსოფლიოში ყველაზე სასურველი  „სამშვიდობო არმია“ თავად პოულობს ქართულ სიტყვას მონატრებულ, უცხოეთში სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილ ქართულ მრევლს. გასაკვირი არაა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა შინ თუ გარეთ, განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარია.  ამის დასტურად იერუსალიმში, ყველა ქართველისათვის წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში ქართველ მგალობელ ქალთა მიერ „ცოცხალი წიგნებისათვის“ შესრულებული ქრისტერ დატირების საგალობელი და მონასტრის ეზოში გამართული პოეტური საღამო გამოდგება, რომელიც უპრეცედენტო გახლდათ იმითაც, რომ იქ ქართველ მწერლებს გვერდში ქართველი ებრაელი ხელოვანები და პოეტი ედგნენ. ისრაელში საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ „ცოცხალ წიგნების“ მონაწილეები ქეთევან დუმბაძე, პაატა შამუგია, ალეკო შუღლაძეს, თეა თოფურია, დალილა გოგია და ნიკა ჯორჯანელი საქმიან ვახშამზე საელჩოში მოიწვია. შეხვედრაზე, რომელიც, ფაქტობრივად, სრულფასოვან ლიტერატურულ საღამოდ გადაიქცა, დამსწრეებმა „ცოცხალი წიგნების“ ისრაელური ვოიაჟის შედეგები შეაჯამეს, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. უნდა აღინიშნოს, რომ საელჩოში შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „ცოცხალი წიგნების“ პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ და ისრაელელმა გამომცემელმა დავიდ გოტესმანმა ისრაელისა და საქართველოს 7 თანამედროვე პოეტის ერთობლივი, ორენოვანი (ქართულ-ებრაული) პოეტური კრებულის გამოცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს იქნება ქართველ-ებრაელ პოეტთა ერთ-ერთი პიონერი გამოცემა და მისი წარდგენა საქართველოშიც და ისრაელშიც 2018 წლის ზაფხულში მოხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ მწერლებს ისრაელში წინ კიდევ არაერთი გამარჯვება ელით. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც „ცოცხალ წიგნებს“ მომავალ შეხვედრამდე ქართველი პოეტის სიტყვებით - „მშვიდობით არა - ნახვამდის“ - ვემშვიდობებით და უფალს მშობლიური ქართული მწერლობის უკვდავებასა და არდავიწყებას შევთხოვთ.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ