ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „ისრაელში შემოსვლის კანონის“ დარღვევის საფუძველზე დაკავებისას აქვთ შემდეგი უფლებები:

 


I. თქვენ გაქვთ უფლება მოგეცეთ შესაძლებლობა გამოხატოთ თქვენი მოსაზრება მანამ, სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავების შესახებ.

2. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი დაკავების შესახებ აცნობოთ თქვენთვის ახლობელ ადამიანს, ადვოკატს ან თქვენი ქვეყნის წარმომადგენლობას.

3. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ გაძევების შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით და გაასაჩივროთ ის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში.

4. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ისრაელიდან გაძევების გადავადება სამი დღით აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ მოითხოვთ ვადამდე ადრე ისრაელიდან გასვლას.

5. სასაზღვრო კონტროლის ოფიცერი, რომელიც მოქმედებს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის სახელით, უფლებამოსილია მიიღოს თქვენი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გირაოს სანაცვლოდ ისრაელიდან თქვენ გაძევებამდე ან გაძევების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაახანგრძლივოს 14 დღემდე. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის საფუძველზე და ისეთ შემთხვევაში როდესაც საჭიროა მეტი დრო თქვენი სამართლებრივი და უფლებრივი საკითხების მოსაგვარებლად.

6. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი დაკავება გაასაჩივროთ სასამართლოში, დაკავებიდან 96 საათის განმავლობაში. ამასთან გაქვთ უფლება წარმოადგინოთ განაცხადი გაძევების გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით თუ სასამართლო სხდომამდე გამოვლინდა რაიმე სხვა გარემოებები. გაქვთ უფლება წარდგეთ სასამართლოზე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.



ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეუბნებიან ისრაელში შემოსვლაზე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის მიერ მოქალაქეს გადაეცემა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია უარის თქმის მიზეზ(ებ)ი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ისრაელში შემოსვლაზე აკრძალვის ხანგრძლივობა (5-დან 10 წლამდე), თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც აკრძალვის ხანგრძლივობა  ხსენებულ დოკუმენტში მითითებული არ არის. 


როგორც უნდა მოხდეს ისრაელში შემოსვლაზე აკრძალვის ხანგრძლივობის ინტერპრეტაცია?

·         როდესაც მოქალაქეს აქვს 5 წლიანი აკრძალვა ისრაელში შემოსვლაზე, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე არ იყო კეთილსინდისიერი ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით (საზღვარზე წარმოადგინა ურთიერთგამომრიცხავი ან არასწორი ინფორმაცია).


·         10 წლიანი აკრძალვის შემთხვევაში, არსებობს დამატებით სხვა ფაქტები და სერიოზული გარემოებები.


·         იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქისათვის გადაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული აკრძალვის ვადა, ნიშნავს, რომ მას უარი ეთქვა ისრაელში შემოსვლაზე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.


მიუხედავად იმისა თუ რა ხანგრძლივობით აქვს აკრძალვა შემოსვლაზე მოქალაქეს, შეზღუდვის მოხსნისათვის მან შეიძლება მიმართოს იმიგრაციის სამსახურს ისრაელში ადვოკატის ან   მომწვევი პირის/ორგანიზაციის მეშვეობით, რომელმაც უნდა დაასაბუთოს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის შეზღუდვის მოხსნის აუცილებლობა.


შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გასაჩივრება მოქალაქეს შეუძლია მაშინაც, როდესაც მას უარი უთხრეს შემოსვლაზე და იმყოფება სადეპორტაციო ცენტრში ისრაელში, ამასთან არ ჰყავს საკონტაქტო პირი ისრაელში (ნათესავი, ნაცნობი და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში მან უნდა მიმართოს ადვოკატს და გაასაჩივროს შესვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში.


ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლა განიხილება ვიზიტის მიზნის გათვალისწინებით. ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება ვიზიტის დეკლარირებული მიზანი ტურიზმის მიზნებს, ანუ მოემგზავრება თუ არა მოქალაქე ტურისტულად. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აქვს აკრძალვა შემოსვლაზე და შეიცვალა რაიმე გარემოება და ის მოემგზავრება ნებისმიერი სხვა მიზნით გარდა ტურისტულისა, მაშინ მან შესაბამისი ტიპის ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს საქართველოში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ