Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები

· უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.;

· მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 1-დან 90 დღემდე ვადით 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ისრაელის ტერიტორიაზე მომდევნო შესვლა შესაძლებელია ბოლო შესვლიდან 90 დღიანი (3 თვიანი) პერიოდის გასვლის შემდეგ. ისრაელში უვიზო შესვლა არ იძლევა ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას!!!

· ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოქალაქეს შეეზღუდება ისრაელის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლა.

· ისრაელში სხვადასხვა მიზნით (მათ შორის მუშაობის უფლებისათვის) გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებელია ისრაელის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

 

რა პროცედურების გავლა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში?

ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტია, რომელიც ემსახურება ისრაელის ტერიტორიაზე შემოსულ მგზავრთა თითქმის 90%-ს. შესაბამისად ქვეყნის ყველა სახელმწიფო სამსახური - საზღვრის დაცვა, საბაჟო, უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ბენ გურიონის აეროპორტშია განთავსებული, ზედმიწევნით სიფრთხილითა და ყურადღებით ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ისრაელის სასაზღვრო პუნქტთან სასაზღვრო კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა შესაძლოა მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

· მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვ.);

· მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.);

· უკან დაბრუნების გარანტია: სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.)

საზღვრის გადაკვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დადგენის მიზნით ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა 3-4 საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე და საიმიგრაციო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე.

საზღვრის დაცვის სამსახური ახდენს საქართველოს მოქალაქეების ესკორტირებას თვითმფრინავიდან საპასპორტო კონტროლის ჯიხურამდე. ესკორტირების დროს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები შეამოწმებენ საქართველოს მოქალაქეების პასპორტებს, რომლებიც მათ დაუბრუნდებათ საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ.

 

რა ელის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უარი უთხრეს ისრაელში შემოსვლაზე?

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურს უფლება აქვს, ისრაელში შესვლაზე ან დარჩენაზე უარი უთხრას ნებისმიერ პირს, რომელსაც ის მიიჩნევს არასასურველად მისი მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

დამატებით გთხოვთ იხილოთ იმ მიზეზთა სია, რომლის გამოც შესაძლოა მოქალაქეს უარი ეთქვასისრაელის ტერიტორიაზე შესვლაზე: https://geoconsul.gov.ge

იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური უარს ეუბნება ისრაელში შემოსვლაზე, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია უარის თქმის მიზეზები და შემოსვლაზე დაწესებული აკრძალვის ხანგრძლივობა, რომელიც გადაეცემა მოქალაქეს.

შემოსვლაზე უარის თქმის შემდეგ, მოქალაქე გადაჰყავთ აეროპორტში მდებარე სპეციალურ მოსაცდელ ოთახში, სადაც მას შეუძლია მოისვენოს, მიიღოს საკვები და წყალი. ასევე დაუკავშირდეს ოჯახს და აცნობოს თავისი მდგომარეობის შესახებ. აქვე 24 საათის მანძილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს მგზავრებს.

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური იმ მოქალაქეების, ვისაც უარი უთხრეს შემოსვლაზე, საქართველოში უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს იმავე რეისით (იმავე ავიაკომპანიითა და მარშრუტით), რომლითაც ისინი ჩამოფრინდნენ ისრაელში. მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქე ისრაელში ჩავიდა ავიაკომპანია „აირზენა“-ს თბილისი-თელ ავივის რეისით, მას აუცილებლად იგივე კომპანიის მეშვეობით დააბრუნებენ უკან. ხოლო თუ მგზავრი ჩაფრინდა ისრაელში ავიაკომპანია „Pegasus“-ის რეისით თბილისი-სტამბული-თელ ავივი, მას იგივე რეისითა და ავიაკომპანიით ანუ თელ ავივი-სტამბული-თბილისი, დააბრუნებენ საქართველოში. იგივე პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ სხვა კომპანიაზე.

თუ მოქალაქეებთან გასაუბრების ან ხანგრძლივი საიმიგრაციო პროცედურების გამო ვერ ესწრება მოქალაქეთა იგივე რეისით უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები განთავსებულ იქნებიან აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში, სადაც მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკვები, წყალი და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება.

დროებითი განთავსების დაწესებულებიდან მოქალაქეებს აქვთ უფლება ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. ამისათვის მათ თხოვნით უნდა მიმართონ დროებით განთავსების იზოლატორის ადმინისტრაციას.

გასათვალისწინებელია, რომ ტურისტულ სეზონზე, როდესაც მგზავრთა ნაკადი ისრაელიდან საქართველოში დიდია და რიგ შემთხვევებში ტურისტულ ოპერატორებს წინასწარ აქვთ შესყიდული და დაჯავშნული რეისები, უმეტეს შემთხვევაში რთულდება მოქალაქის საქართველოში დაბრუნება თუნდაც მომდევნო რეისით, შესაბამისად, მათ რამდენიმე დღის გატარება უწევთ მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დროებითი განთავსების დაწესებულებაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო არ არის უფლებამოსილი ჩაირიოს ისრაელის საიმიგრაციო პროცედურების განხორციელებაში, შესაბამისად საელჩოს საკონსულო სამსხური ვერ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლაში.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „ისრაელში შემოსვლის კანონის“ დარღვევის საფუძველზე დაკავებისას აქვთ შემდეგი უფლებები:

I. თქვენ გაქვთ უფლება მოგეცეთ შესაძლებლობა გამოხატოთ თქვენი მოსაზრება მანამ, სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავების შესახებ.

2. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი დაკავების შესახებ აცნობოთ თქვენთვის ახლობელ ადამიანს, ადვოკატს ან თქვენი ქვეყნის წარმომადგენლობას.

3. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ გაძევების შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით და გაასაჩივროთ ის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში.

4. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ისრაელიდან გაძევების გადავადება სამი დღით აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ მოითხოვთ ვადამდე ადრე ისრაელიდან გასვლას.

5. სასაზღვრო კონტროლის ოფიცერი, რომელიც მოქმედებს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის სახელით, უფლებამოსილია მიიღოს თქვენი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გირაოს სანაცვლოდ ისრაელიდან თქვენ გაძევებამდე ან გაძევების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაახანგრძლივოს 14 დღემდე. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის საფუძველზე და ისეთ შემთხვევაში როდესაც საჭიროა მეტი დრო თქვენი სამართლებრივი და უფლებრივი საკითხების მოსაგვარებლად.

6. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი დაკავება გაასაჩივროთ სასამართლოში, დაკავებიდან 96 საათის განმავლობაში. ამასთან გაქვთ უფლება წარმოადგინოთ განაცხადი გაძევების გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით თუ სასამართლო სხდომამდე გამოვლინდა რაიმე სხვა გარემოებები. გაქვთ უფლება წარდგეთ სასამართლოზე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

 

ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეუბნებიან ისრაელში შემოსვლაზე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის მიერ მოქალაქეს გადაეცემა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია უარის თქმის მიზეზ(ებ)ი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ისრაელში შემოსვლაზე აკრძალვის ხანგრძლივობა (5-დან 10 წლამდე), თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც აკრძალვის ხანგრძლივობა ხსენებულ დოკუმენტში მითითებული არ არის.

 


როგორც უნდა მოხდეს ისრაელში შემოსვლაზე აკრძალვის ხანგრძლივობის ინტერპრეტაცია?

· როდესაც მოქალაქეს აქვს 5 წლიანი აკრძალვა ისრაელში შემოსვლაზე, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე არ იყო კეთილსინდისიერი ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით (საზღვარზე წარმოადგინა ურთიერთგამომრიცხავი ან არასწორი ინფორმაცია).

· 10 წლიანი აკრძალვის შემთხვევაში, არსებობს დამატებით სხვა ფაქტები და სერიოზული გარემოებები.

· იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქისათვის გადაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული აკრძალვის ვადა, ნიშნავს, რომ მას უარი ეთქვა ისრაელში შემოსვლაზე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა თუ რა ხანგრძლივობით აქვს აკრძალვა შემოსვლაზე მოქალაქეს, შეზღუდვის მოხსნისათვის მან შეიძლება მიმართოს იმიგრაციის სამსახურს ისრაელში ადვოკატის ან მომწვევი პირის/ორგანიზაციის მეშვეობით, რომელმაც უნდა დაასაბუთოს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის შეზღუდვის მოხსნის აუცილებლობა.

შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გასაჩივრება მოქალაქეს შეუძლია მაშინაც, როდესაც მას უარი უთხრეს შემოსვლაზე და იმყოფება სადეპორტაციო ცენტრში ისრაელში, ამასთან არ ჰყავს საკონტაქტო პირი ისრაელში (ნათესავი, ნაცნობი და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში მან უნდა მიმართოს ადვოკატს და გაასაჩივროს შესვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში.

ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლა განიხილება ვიზიტის მიზნის გათვალისწინებით. ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება ვიზიტის დეკლარირებული მიზანი ტურიზმის მიზნებს, ანუ მოემგზავრება თუ არა მოქალაქე ტურისტულად. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აქვს აკრძალვა შემოსვლაზე და შეიცვალა რაიმე გარემოება და ის მოემგზავრება ნებისმიერი სხვა მიზნით გარდა ტურისტულისა, მაშინ მან შესაბამისი ტიპის ვიზის მისაღებად უნდა მიმართოს ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს საქართველოში.

საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების საყურადღებოდ!

ისრაელის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ, ისრაელში გამომგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ისრაელის შსს-ს მოსახლეობისა და საიმიგრაციო სამსახურიდან შესაბამისი თანხმობის მიღების გარეშე (ტურისტული ვიზით) საზღვარგარეთ ისრაელის მოქალაქეზე დაქორწინებული პირის ისრაელში შემოსვლა კანონით დაუშვებელია.

ისრაელის მოქალაქე, რომელიც დაქორწინდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეზე უნდა გამოცხადდეს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში, სადაც მეუღლის მოწვევისათვის უნდა წარადგინოს კანონით დადგენილი განაცხადი.

 

ისრაელის შსს-ში განაცხადის შეტანისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განაცხადის ფორმა ისრაელში შემოსვლის ვიზის მისაღებად მოსაწვევი პირისათვის;
  2. ქორწინების მოწმობის ორიგინალი, ნათარგმნი და დამოწმებული აპოსტილით;
  3. ორივე მეუღლის ფოტოები;
  4. ისრაელის მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  5. მოსაწვევი პირის უცხოეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაა მინიმუმ 2 წელი;
  6. მეუღლეების მიერ ხელმოწერილი ახსნა-განმარტება მათ შორის კავშირის, თანაცხოვრების და ნაცნობობის ხანგრძლივობის შესახებ;
  7. მოსაწვევი პირის ქვემოთ აღნიშნული დოკუმენტები, ნათარგმნი (საჭიროების შემთხვევაში) და შესაბამისად დამოწმებული:
    • მოსაწვევი პირის დაბადების მოწმობა. თუ წარმოდგენილია დაბადების მოწმობის ორიგინალი, მისი დამოწმება საჭირო არ არის;
    • თუ მოსაწვევმა პირმა შეიცვალა სახელი/გვარი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სახელის/გვარის შეცვლის თაობაზე;
    • ცნობა ოჯახურ მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს მოსაწვევი პირის ამჟამინდელ და წინა ოჯახური მდგომარეობის შესახებ სტატუსს;
    • მოსაწვევი პირის ცნობა ნასამართლობის შესახებ. სახელის/გვარის შეცვლის შემთხვევაში ცნობაში აღნიშნული უნდა იყოს წინა სახელიც და/ან გვარიც;
    • გასული წლის პერიოდის მტკიცებულებები, რომელიც მოწმობს კავშირის სინამდვილეს მეუღლეებს შორის: ისრაელში თანაცხოვრების ფაქტები, ერთობლივი ფოტოები, ბინის ქირის ხელშეკრულება, საერთო ანგარიშები, მეუღლეების ოჯახის წევრების, მეგობრების წერილები ან რეკომენდაციები წყვილის შესახებ (როგორ გაიცნეს ერთმანეთი და ა.შ.)
    • რეკომენდატორებმა თავიანთ წერილს უნდა დაურთონ პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო მონაცემები, ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური.