კომპანიის რეგისტრაციის პროცედურები
უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ფილიალისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციასთან ერთად.
სარეგისტრაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურსა და ავტორიზებულ პირებთან.
ფილიალის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
- დაინტერესებული პირის განცხადება;
- დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი);
- უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტის, რეგისტრირებული მონაცემებისა და მისი ხელმძღვანელის ვინაობის დამდგენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით ფილიალის დაფუძნებაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელის/წარმომადგენლის მონაცემების დამდგენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი;
- ფილიალის დაფუძნების შესახებ უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებამოსილი პირის/ორგანოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა მიეთითოს:
- ფილიალის დასახელება;
- ფილიალის იურიდიული მისამართი;
- ფილიალის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- ფილიალის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოილი პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი).
- ფილიალის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის ალტერნატიულ დოკუმენტად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მინდობილობა პირისათვის ფილიალის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;
- ფილიალის იურიდიული მისამართის რეგისტრაციის მიზნებისთვის, საქართველოში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;
- ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ თანხმობის გამომხატველი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული დოკუმენტი;
უცხო ქვეყანაში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
ამასთან, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.
სარეგისტრაციო მომსახურების ვადა და საფასური:
სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს ერთი დღის ვადაში ან იმავე დღეს (დაჩქარებული მომსახურება). ერთი დღის ვადაში რეგისტრაციის მომსახურების მიღების საფასური შეადგენს 100 ლარს, ხოლო დაჩქარებული მომსახურებისას 200 ლარს. საფასურის გადახდა შესაძლებელია რეესტრში განცხადების წარმოდგენასთან ერთად.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის
შესახებ გადაწყვეტილებისა და ამონაწერის გაცნობა/მიღება შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ
ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge.